logo
ENG



"რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ" - რა განცხადებები გააკეთა მაკრონმა უკრაინაზე

15 მარ 202411:43
3 წუთის საკითხავი
clock 843

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მედიასთან შეხვედრა გამართა და უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა.

TF1-ის და France 2-ის წარმომადგენლებთან საუბრისას ფრანგმა ლიდერმა მოკავშირეებს უკრაინის მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, "ევროპის სანდოობა ნულამდე დავა და ევროპაში უსაფრთხოება აღარ იარსებებს".

რა განცხადებები გააკეთა საფრანგეთის პრეზიდენტმა

  • უკრაინის მხარდაჭერა და ევროპის უსაფრთხოება

ფრანგმა ლიდერმა აღნიშნა, რომ მთელი კონტინენტის უსაფრთხოება ამ კონფლიქტის გამო საფრთხეშია - კონფლიქტის, რომელიც ევროპისთვის და საფრანგეთისთვის ეგზისტენციალურია. მაკრონმა პარტნიორებს მოუწოდა, რომ კიევის დახმარება არ დაბლოკონ. მისი აზრით, ის ვინც უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგია, დამარცხებას ირჩევს. 

"ორი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ არასდროს გავაგზავნიდით ტანკებს. ჩვენ ეს ტანკები გავაგზავნეთ. ორი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ არასდროს გავაგზავნიდით საშუალო რადიუსის რაკეტებს. ჩვენ ესეც გავაკეთეთ. ჩვენ ძალიან ბევრი ზღვარი დავაწესეთ ჩვენს ლექსიკონში. ჩვენ არ ვართ ესკალაციაში, არ ვართ საომარ მდგომარეობაში რუსეთთან, უბრალოდ, ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ რუსეთს არ უნდა მივცეთ გამარჯვების საშუალება. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი მიზნის მისაღწევად. რადგან თუ რუსეთი გაიმარჯვებს, ფრანგების ცხოვრება შეიცვლება. ჩვენ აღარ გვექნება უსაფრთხოება ევროპაში", - თქვა მაკრონმა. 

მაკრონის თქმით, დასავლეთმა არ უნდა დაუშვას რუსეთის გამარჯვება. 

"საფრანგეთი ეს მშვიდობის ძალაა. მაგრამ დღეს, რათა ვიქონიოთ მშვიდობა უკრაინაში, ჩვენ არ უნდა ვიყოთ სუსტები. ამიტომ ფხიზლად უნდა ვუყუროთ სიტუაციას და მტკიცედ, სიმამაცით, გამბედაობით ვთქვათ, რომ ჩვენ მზად ვარ ჩავდოთ რესურსი ჩვენი მიზნის მიღწევაში, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს. ვინ შეიძლება ერთი წამით მაინც დაუშვას, რომ პრეზიდენტი პუტინი, რომელიც პატივს არ სცემს არც ერთ ვალდებულებას, იქ გაჩერდება?!... როგორ ფიქრობთ, პოლონელებს, ლიეტუველებს, ესტონელებს, რუმინელებს, ბულგარელებს შეეძლებათ ერთი წამით მშვიდად დარჩენა [უკრაინაში რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში]?!", - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

  • უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე

საფრანგეთს ლიდერმა თქვა, რომ დასავლეთმა რუსეთის შესაჩერებლად ყველა შესაძლებლობა უნდა განიხილოს, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების შესაძლო განლაგების შემთხვევაში, რასაც ის არ გამორიცხავს, ფრანგული ძალები რუსეთის წინააღმდეგ შეტევაზე არ წავლენ. მისი განცხადებით, უკრაინის მხარდაჭერის საკითხში წითელი ხაზების დაწესება რუსეთისთვის სისუსტის ჩვენება იქნება. 

"რა ხდება უკრაინაში? ომი, რომელიც არის ეგზისტენციალური ჩვენი ევროპისთვის და საფრანგეთისთვის... თუ საფრანგეთი გახდება იძულებული გაგზავნოს უკრაინაში ჯარები, მაშინ ერთადერთი ვინც იქნება პასუხისმგებელი ამაზე - ეს კრემლის რეჟიმია. ეს ჩვენ არ ვიქნებით. ჩვენ არასდროს წავალთ შეტევაზე, არასდროს ავიღებთ ინიციატივას ჩვენს ხელში", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

  • ევროპული ერთობა

მაკრონი ამბობს, რომ ომზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთზეა, ხოლო ევროპამ ერთობა უნდა შეინარჩუნოს.

"ჩვენი პასუხისმგებლობაა ვიყოთ ძლიერი მშვიდობისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობაა შევინარჩნოთ ევროპული ერთობა. შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობა - ნიშნავს ვიყოთ ძლიერები, რათა შევაკავოთ; ვიყოთ ძლიერები, რათა შევებრძოლოთ, ვიყოთ ძლიერები ჩვენი უსაფრთხოებისთვის".

  • გადატვირთვა 2024 წელს

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიმდინარე წელი უკრაინის ახალი მხარდაჭერის დაწყების წელი უნდა იყოს.

"ჩვენ დავეხმარეთ უკრაინას წინააღმდეგობის გაწევაში. მაგრამ ახლა უკრაინულ მიწაზე კონტექსტი იცვლება. მათთვის ახლა ვითარება გაცილებით რთულია. რუსეთი ხდება უფრო ხისტი და თავდასხმებს აძლიერებს... საკითხი უნდა იყოს მკაფიო: რუსეთის გამარჯვება არ უნდა დავუშვათ", - განაცხადა მაკრონმა.


close დახურვა